მილან კუნდერას ,,ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”
მოკლე აღწერა
,,არის თუ არა ადამიანი დამნაშავე მხოლოდ იმიტომ რომ მან არ იცოდა?” თუ პირიქით უმეცრება იმთავითვე დანაშაულია? ეს არის კითხვა, რომელმაც ქირურგის სკაპელი ფანჯრების საწმენდ ტილოდ აქცია.
თუკი ოიდიპოსმა, სიმართლის გაგებისთანავე, საკუთარი ხელით დაითხარა თვალები, რატომ არ გამოიჩინეს მსგავსი მორალური სიმამაცე მათ, ვინც იმ ტოტალიტარული მანქანის ჭანჭიკებად იქცნენ, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა?!
დიდი ჩეხი მწერალი, მილან კუნდერა, გენიალურ პარალელს ავლებს ანტიკურ ტრაგედიასა და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ რეალობას შორის. ლოგიკა დაუნდობელია: რომანში „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ავტორი ოსტატურად აშიშვლებს სოციალიზმის „ჰუმანური“ იდეოლოგიის ფიასკოს. იგი გვიჩვენებს, როგორ იქცა „კომუნისტური სამოთხე“ ჯოჯოხეთურ ლაბირინთად — სივრცედ, სადაც თავისუფლებას ბოდვას უწოდებდნენ, სიცოცხლეს კი — შეცდომას.
1968 წლის აგვისტოში, როდესაც პრაღაში თავისუფლების ნაპერწკალი გაჩნდა, ქალაქის ქუჩებში საბჭოთა ტანკები გამოჩნდნენ. რუსული ოკუპაცია მხოლოდ პოლიტიკური აქტი არ ყოფილა; ეს იყო „ნორმალიზაციის“ სახელით შენიღბული სულიერი ეგზეკუცია, რომელმაც ლიბერალიზაციის ყოველი მცდელობა ჩაახშო.
რა ხდება მაშინ, როცა „პრაღის გაზაფხული“ მარადიულ ზამთარში გადადის? რა ხდება მაშინ, როდესაც არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორისაა? სწორედ აქ იბადება კუნდერასეული ფილოსოფიური ტრაგიზმი: როდესაც ადამიანი იძულებულია, გადარჩენისთვის საკუთარი ღირსება ფეხქვეშ გათელოს, მისი არსებობა მორალურ წონას კარგავს და ყოფა აუტანლად მსუბუქი ხდება.
ტომაშის პერსონაჟი ერთგვარი ისტორიის სახელმძღვანელოა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ანგრევს პოლიტიკური კატაკლიზმები პიროვნებას, როგორ ჩამოიშლება ქვიშის კოშკივით ათწლეულების მანძილზე ნაგროვები ცოდნა და როგორ უფასურდება ყველაფერი, რაც ოკუპაციამდე წმინდად მიგვაჩნდა.
ნიცშესეული „მარადიული დაბრუნების“ იდეა კუნდერასთან ახალ ინტერპრეტაციას იძენს: თუ ცხოვრება მხოლოდ ერთხელ ხდება და აღარ მეორდება, ის კარგავს სიმძიმეს და უწონო ხდება. ეს სიმსუბუქე შეიძლება ახალი იმედგაცრუებისგან გვიცავდეს, მაგრამ, ამავდროულად, ყოფიერებას აზრსაც აცლის. საინტერესოა, რა ფასი აქვს ცხოვრებას, თუკი ის აუტანლად მსუბუქი უნდა იყოს? ეს არის კითხვა, რომლის წინაშეც ავტორი მოუმზადებელს გვტოვებს.
მხოლოდ დასავლური „კიჩის“ ტყვეობაში თუ შეიძლება დაიჯერო, რომ ეს რომანი მხოლოდ კომუნიზმთან ბრძოლის მანიფესტია. სინამდვილეში, კუნდერა პოლიტიკას იყენებს როგორც კატალიზატორს, რათა აჩვენოს ადამიანის შინაგანი დიქოტომია: ბრძოლა სიმსუბუქესა და პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის. რეჟიმი აქ მხოლოდ სცენის დეკორაციაა, რომელიც არჩევანის ფატალურობას უფრო თვალსაჩინოს ხდის. ჩემი აზრით, პოლიტიკური ფონის გარეშე რომანი მაინც დარჩებოდა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის შედევრად ადამიანის ბუნებასა და იმ მორალურ ტვირთზე, რომელსაც საკუთარი თავისა და სხვების წინაშე ვატარებთ.
რეალობაში თუ მხატვრულ ლიტერატურაში, ჩემთვის ყოველთვის უფრო საინტერესო იყო არა ის, თუ ვინ არის ადამიანი ახლა, არამედ ის, თუ როგორ მოვიდა იგი აქამდე. სწორედ ამ პრინციპით ვკითხულობდი კუნდერას გმირებსაც. ყოველი თავის დასასრულს მიჩნდებოდა განცდა, რომ ავტორმა თავისი პერსონაჟები, მიუხედავად მათი სიმბოლური განსხვავებებისა, ერთ საერთო უბედურებაში გახვია, რომელიც მათ ზრდასრულ არჩევანში ექოსავით ისმოდა. ეჭვი მაქვს, ეს ხმა შორეული წარსულიდან, ნახევრად მივიწყებული ბავშვობიდან უნდა ყოფილიყო...
სადაც ტომაში არასწორად გაგებული თავისუფლების სიმბოლოა. ცოლთან გაყრის შემდეგ მან უარი თქვა ბედისწერის სიმძიმეზე — იმ ცნობილ აუცილებლობაზე, რომლის გამეორებაც კუნდერას ასე ძალიან უყვარდა: „Es muss sein!“ (ასე უნდა იყოს!). მან შექმნა ახალი რეალობა, სადაც ოჯახი „ეროტიკულმა მეგობრებმა” ჩაანაცვლეს, ემოციური კავშირები კი — სექსუალურმა კოლექციონერობამ. მისი მრავალრიცხოვანი საყვარლების სია არა უბრალო ჰედონიზმი, არამედ სექსის სიყვარულისგან მკაცრი გამიჯვნა იყო. წარმატებული ქირურგი მარტივად მიხვდა: ხშირი სიახლოვე ემოციას რომ ბადებს, ემოცია კი — პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, ექიმი დილას ქალთან ერთად არასოდეს ხვდებოდა. იგი გაურბოდა ერთად გაღვიძების ვალდებულებას მანამ, სანამ მის ცხოვრებაში ტერეზა არ გამოჩნდა — ქალი, რომელიც ვერაფრით შეეგუა ტომაშის პოლიგამიას და, წლების შემდეგ, „თავისუფლებისმოყვარე“ კაცი მაინც მოაქცია ერთგულების უღელში.
ავტორი, მისთვის დამახასიათებელი მაღალი სამწერლო ოსტატობით, გვიჩვენებს ტომაშის გარდასახვას ზედაპირული დონჟუანიდან ერთგულ ტრისტანამდე. მწერალი „მექალთანე“ კაცის სიმბოლურ ტრანსფორმაციას არ სჯერდება და სრულიად უბრალო ქალს ყველაზე გამორჩეულს ხდის. ტერეზა, რომელსაც თავიდან არც პროფესია ჰქონდა და არც მაღალი სოციალური სტატუსი, თავისი უბრალოებითა და რეალობასთან მჭიდრო კავშირით ექიმის ცხოვრებაში სიმძიმის ცენტრად იქცევა. მან მკითხველისთვის ცხადი გახადა პასუხისმგებლობისგან სრულად გაქცევის შეუძლებლობა, რადგან სიცარიელე ვერასდროს იქნება ისეთი სიმსუბუქის გარანტი, რომელსაც შვება მოაქვს. ამგვარად, ტერეზა არის სიმბოლო იმ სიმძიმისა, რომელიც ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს აზრს სძენს. საბოლოოდ კი კუნდერასთან მორალური ერთგულება ყველაფერზე მაღლა დგება, მათ შორის, ბრწყინვალე კარიერაზეც.
ჩემთვის, როგორც მკითხველისათვის, რომელიც ადამიანის დაცემიდან ამაღლების გზას ეძებს, საბინა ყველაზე შთამბეჭდავი, თუმცა ანტიკულმინაციური პერსონაჟია. იგი ინდივიდუალური ტრიუმფის ტრაგედიას გვიხატავს: ტომაშისგან განსხვავებით, მან ზურგი აქცია ყოველგვარ მორალურ პასუხისმგებლობას და არჩია აბსოლუტური გაქცევა ქვეყნიდან, ახლობლებისგან და ყოველივე იმისგან, რაც ადამიანს მიწასთან აკავშირებს. მისი ცხოვრება უწყვეტი ღალატია — არა პირდაპირი გაგებით, არამედ ამბოხი ზნეობის სახელით გაფორმებული ტირანიის წინააღმდეგ. საბინასთან ყველაზე კარგად გვესმის, რას ნიშნავს „კიჩი“ სინამდვილეში და როგორ ქრება ყველაფერი წმინდა იქ, სადაც გვაჯერებენ, რომ ბოროტება სიკეთეა, სიკეთე კი — ბოროტება. ბოლოს ამ გაუთავებელმა განდგომამ პერსონაჟი „ყოფის აუტანელ სიმსუბუქემდე“ მიიყვანა. მისი ამერიკული წლები უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ გეოგრაფიული გადაადგილებით არაფერი იცვლება, რადგან შინაგანი სიცარიელე საზღვრებს არ ცნობს; ის ყველგან თან მოგყვება მაშინაც კი, როცა ყველაფერს ივიწყებ.
ავტორმა ერთ პერსონაჟში მთელი დასავლური ცივილიზაცია გენიალურად ჩაატია. ფრანცი, ჟენეველი პროფესორი, სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იქცევა სხვა ქვეყნის ოკუპაცია გარე დამკვირვებლისთვის ესთეტიკურ სანახაობად. მისთვის საბინა იმ აკრძალული წიგნების თაროდან იყო, რომელიც ათასობით „ნებადართულ“ გამოცემაზე მეტს იწონის. საბოლოოდ ორივე აბსურდულად ასრულებს სიცოცხლეს: ერთი დასავლური კიჩის მსხვერპლია, რომელიც იდეალიზაციამ შეიწირა, მეორე კი აბსოლუტური სიმსუბუქის ძიებამ დაღუპა — იმ სიმსუბუქის, რომელიც მისმა სამშობლომ ვერ მისცა.
კუნდერას გვიანდელ შემოქმედებაში პოლიტიკური პათოსი მთლიანად ქრება და ადგილს ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ძიებებს უთმობს. მას არ სურდა ყოფილიყო „პოლიტიკური დისიდენტი“, რასაც დასავლური ინტელიგენციის ფარისევლობამაც შეუწყო ხელი, და კუნდერას ბოლოდროინდელი ლიტერატურა პოლიტიკისგან საბოლოოდ გაიმიჯნა. თუმცა ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, მხატვრული ლიტერატურა მორალური პასუხისმგებლობის საზრდოა, ამიტომ წარმოუდგენელია, ისტორიულ-პოლიტიკური ხედვისგან დაცლილი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ იგივე წიგნი ყოფილიყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ წავიკითხე.
ალბათ, როცა „პრაღის გაზაფხულის“ პერიოდის მწერალი ხარ და ჩუმად ხარ კომუნისტურ ტოტალიტარიზმზე, ეს, სულ მცირე, მწერლის შემოქმედებითი დასასრულია. დაახლოებით მსგავსი პრეტენზია ჰქონდა თავად კუნდერას დოსტოევსკის მიმართ: ის თვლიდა, რომ ყოველი რუსული ტანკის უკან რუსული ინტელიგენცია იდგა. მართალი იყო კუნდერა (მე დავამატებ): ტირანიის წინასწარმეტყველება სულაც არ ნიშნავს მის დაგმობას! „დოსტოევსკი ოღონდ ზომიერად!“ — დავესესხები თომას მანს.
მიუხედავად დოსტოევსკის მიმართ მწერლის კრიტიკული დამოკიდებულებისა, მას ვერ დავაბრალებთ რუსული კულტურისადმი დისკრიმინაციულ მიდგომას. ამას ისევ „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ მოწმობს, სადაც ყველაზე სათნო პერსონაჟს კარენინი ჰქვია, მთავარი გმირები კი პირველად სწორედ ტოლსტოის წიგნით ხელში ხვდებიან ერთმანეთს.
შეუძლებელია გვერდი ავუაროთ კუნდერას სტილს; მისი ნაწარმოებები უფრო მუსიკალურ კომპოზიციას ჰგავს, ვიდრე უბრალო პროზას. პოლიტიკური სითამამისა და მწერლის მუსიკალური ხელწერის სინთეზი ის მიზიდულობის ძალაა, რომელიც მასთან არაერთხელ დაგაბრუნებს.
ეს არის წიგნი, რომელიც ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, პოლიტიკისა და მხატვრული ლიტერატურის მიჯნაზე ერთდროულად დგას. ის ამხელს არა მხოლოდ ტირანიას, არამედ აშიშვლებს ყველა იმ ადამიანის მორალურ სახეს, ვინც საკუთარი პასიურობითა თუ ქმედებით ბნელი იდეოლოგიის თანამონაწილე გახდა. ნაწარმოები გვასწავლის, რომ უმეცრება ვერასდროს იქნება სრული პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის გზა!
და ბოლოს, სამყაროში არსებობს ისეთი მორალური იმპერატივები, რომელსაც ვერ გაექცევი; სადაც შენი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღო და ყველაფერზე მაღლა დადგე, თუ გინდა, რომ ადამიანად დარჩე. ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს ცხოვრების ასატანი სიმძიმე სჯობს, ბოროტება კი უმეცრებით ვერასოდეს გამართლდება, როდესაც სიცოცხლე უცოდინართა სასამართლოს ეწირება!
0